logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაში ივანიშვილის სიტყვებისგან "რეალურ ნაბიჯებს" ელიან

18 სექ 202414:24
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაში ივანიშვილის სიტყვებისგან "რეალურ ნაბიჯებს" ელიან

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოელის, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, რეალური ნაბიჯები მოჰყვება.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ქართული ოცნების დამფუძნებლის განცხადებას მოჰყვა პრემიერმინისტრის განცხადება, რომ "საქართველო ამის გაკეთებას არ აპირებს". დე ფაქტო სამინისტროს განცხადებიდან იკვეთება, რომ მათ ირაკლი კობახიძის სიტყვები არ მოეწონათ.

"ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნი კობახიძის პოზიცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მებრძოლ თანამემამულეებს გმირებად მიიჩნევს, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ მკვლელებად, სრულად შესაბამება არსებული მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული. [...]

მოველით, რომ რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბ-ნი ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტირებული უარი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთი რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე ან ძალის მუქარაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".


close დახურვა